გიგი უგულავა: საპროტესტო აქციის საბოლოო განრიგის შესახებ საზოგადოებას ხვალ ეცოდინება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამომრჩეველს, ვინც თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს და საპროტესტო აქციებზე მივიდეს.
როგორც უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 21 ნოემბერს აქციების გამართვის დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.
„21 ნოემბერს არცერთი ოპოზიციური კანდიდატი და პარტია არ მონაწილეობს ამ გაყალბებულ არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ კანონით მეორე ტურში გასული ყველა კანდიდატი ბიულეტენში ამომრჩეველს დახვდება. მაგრამ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში. რაც შეეხება საპროტესტო აქციას 21-ში, სხვადასხვა ვარიანტს ვიხილავთ. ხვალ, 12:00 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო განრიგი ეცოდინება საზოგადოებას“, – განაცხადა უგულავამ.