თენგიზ ცერცვაძე: მკურნალობას სახლში ვაგრძელებ, ისევ მაწუხებს თავისა და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში აგრძელებს. ცერცვაძის პოსტი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გვერდზე გავრცელდა.
„ცოტა მეუხერხულება, ჩემ შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა, ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია, ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავისა და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.
მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ,,ფეისბუქში,, დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელისა და სახსრების ტკივილი. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ. სულ ეს არის და ეს. გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.