ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ

“ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით”,- ასე შეაფასა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ.

კობახიძის თქმითვე, მნიშვნელოვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ. იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას.

ამ ფონზე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე.

აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები