ფაშინიანი ქვეყანაში ფართომასშტაბიან რეფორმებს აანონსებს
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარება სურს და პირობას დებს, რომ უახლოეს დროში სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ყარაბაღის ომის შემდგომ პერიოდში შექმნილ ვითარებაზე თავს მთავარ პასუხისმგებელ პირად გრძნობს, ასევე, მას აკისრია ვალდებულება შექმნილი ვითარების გადალახვასა და ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე.
ფაშინიანი აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის მთავრობის წინაშე დადგება შემდეგი ამოცანები: მინსკის ეუთო-ს ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში მთიანი-ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის განახლება, რომელზეც არწახის სტატუსზე გაკეთდება აქცენტი, ასევე, არწახის მოსახლეობის სახლებში დაბრუნება; ყარაბაღში ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნება; დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრების სოციალურ გარანტიების უზრუნველყოფა; სომხეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ასევე, ფაშინიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს ჰპირდება სოციალურ გარანტიებს, პროთეზებს და პროფესიულ გადამზადებას; ტყვეობაში მყოფი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაუყოვნებლივი დაბრუნება და მათი სოციალურ გარანტიების უზრუნველყოფა.
სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში მოხდება მნიშვნელოვანი გარდაქმნა.
ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა კორონავირუსსა და მისი შედეგების აღმოფხვრას, ყურადღების ცენტრში იქნება დემოგრაფიული პრობლემების გადალახვა.
პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროებში მთავრობა გეგმავს ცვლილებების შეტანას საარჩევნო კოდექსში, ასევე, პარტიების შესახებ კანონში, სპეციალუზირებული მოსამართლეების ინსტიტუტის დანერგვას, რაც იქნება ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი. გარდა ამისა, მოხდება უკანონოდ მითვისებული ქონების კონფისკაციის შესახებ კანონის დახვეწა.
ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ყველა ამ პროცესის სრულფასოვანი ჩაშვებისთვის მას ნახევარი წელიწადი დასჭირდება. 2021 წლის ივნისში ის სამოქმედო რუკის ანგარიშს წარადგენს, რომლის შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება სამომავლო ნაბიჯების შესახებ, საზოგადოებრივი აზრისა და რეაქციის გათვალისწინებით.