დავით ზალკალიანი: ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის
“აშშ-ის როლი ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ფასდაუდებელია. ჩვენთვის ამ პროცესში ამერიკის ლიდერობა უაღრესად მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ასპირანტი ქვეყანაა, რომლის საბოლოო მიზანი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა.
„შეერთებული შტატების როლი ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ფასდაუდებელია. ჩვენთვის ამ პროცესში ამერიკის ლიდერობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი დღის წესრიგის ძირითადი საკითხია. ამერიკელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ. ამაზე ბუნებრივია იყო საუბარი ბოლო მინისტერიალზე, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ასევე ამაზე იყო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს ნატოს გენერალურ მდივანთან. ყველა თანხმდება, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ასპირანტი ქვეყანაა, რომელსაც ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საბოლოო მიზნისთვის, საბოლოო მიზანი არის წევრობა. ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები საქართველოს გაწევრიანებისთვის. პრაქტიკული ინსტრუმენტები, რაც საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის თავსებადია“,- განაცხადა ზალკალიანმა.