მცხეთის მუნიციპალიტეტში აშენდა ოთხი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სამედიცინო ამბულატორიას

მცხეთის მუნიციპალიტეტში აშენდა ოთხი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სამედიცინო ამბულატორიას, დამატებით ერთი მშენებარე და სამი რეაბილიტირებული ცენტრის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

როგორც ,,კვირას” მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი, არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი.

,,მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან განხორციელდა შვიდი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია: ახალი შენობები აშენდა სოფელ ლისში, გალავანში წილკნისა და წეროვნის დევნილთა დასახლებებში, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა წილკნის, ძეგვის, ნიჩბისის სამედიცინო დაწესებულებებს. აგრეთვე, სოფელ ქსოვრისში დასასრულს უახლოვდება ახალი ამბულატორიის მშენებლობა, ხოლო წეროვანში , საგურამოსა და ძველ ქანდაში მიმდინარეობს არსებული ამბულატორიების სრული რეაბილიტაცია. სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, მათი სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.

2020 წელს ამბულატორიებისთვის გამოყოფილმა სახელშეკრულებლო საერთო თანხამ 453 664 ლარი შეადგინა. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტში არსებულ ამბულატორიებს ოთხი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შშმ პირთათვის ადაპტირებული შენობა შეემატება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს კვალიფიციური მედპერსონალი,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები