ამირან გამყრელიძე: თუ საჭირო გახდა, კოვიდინფიცირებულებისთვის შეიძლება სხვადასხვა სივრცის მობილიზება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ სხვადასხვა სივრცის მობილიზების საკითხი განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულების საავადმყოფოში სამკურნალოდ დაახლოებით 3000-მდე საწოლის მობილიზება კიდევ შესაძლებელია.
„ამჟამად სტაციონარებში წევს დაახლოებით 5000-მდე ადამიანი, აქტიური ინფიცირების დაახლოებით 30%. მობილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები არის, რომ ჯერჯერობით საავადმყოფოებში დაგეგმილია 8 ათასიდან 8500-მდე საწოლის მობილიზება, ანუ ჯერ კიდევ შესაძლებელია 3 ათასამდე საწოლის მობილიზაცია. ასევე მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე. თუ ამის საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით კიდევ 3000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი, ანუ რამდენად სწორად გავაკეთებთ ტრიაჟს. დღეს არსებული 5 ათასი ადამიანი, ვინც საავადმყოფოებში წევს, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას, საჭიროებენ კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას. საერთაშორისო პროცენტი აქტიური კოვიდინფიცირებულებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს 5-7-10%-ის ფარგლებში, ვისაც საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდება. ჩვენთვის უპრიანი იქნება თუ ეს მაჩვენებელი 15-20%-ის ფარგლებში გვექნება, რადგან არ დავიკავოთ საავადმყოფოში ადგილი იმის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და ინტენსიური თერაპია. ამის განაწილებას, რომელიც ჩვენზე, ექიმებზეა დამოკიდებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, მზარდი ინფიცირების ფონზე.
გარდა სპორტის სასახლისა ბევრი რამ შეიძლება იქნეს განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი საგამოფენო სივრცეები? ან ჩვენი სამხედრო სივრცეები? ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 ათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლია კოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულების მოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.