ბექა დავითულიანი: იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ვიდრე თვითონ ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, არ უნდა ამ ხალხს „ნაცმოძრაობა“, უარი თქვეს და ეს ფაქტია

“ისინი იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ვიდრე თვითონ ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, არ უნდა ამ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, უარი თქვეს და ეს არის ფაქტი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადაითვალა 40 უბანი, თუმცა, შედეგი არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა საერთო სურათზე.

„ხალხმა ამ მძიმე პანდემიის პირობებში გამოხატა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. ოპოზიცია გამოვიდა და თქვა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის მტკიცებულება ბევრი არ მოუტანია. ჩემმა კოლეგამ დეტალურად გაირა ის მტკიცებულებები, რომლებზეც საუბრობენ.

საჩივრების უმეტესობა არ არის არგუმენტებული, დასაბუთებული. რაც იყო დასაბუთებული, იქედან 40 უბანი გადაითვალა და შედეგი აბსოლუტურად არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა საერთო სურათზე. მეტიც, იქ არანაირი კვალი არ იყო ხელისუფლების სასარგებლოდ დაშვებული სპეციალური შეცდომების, პირიქით, ხელახალი გადათვლით, ხელისუფლებას მცირედით მოემატა მხარდაჭერა.

ამ ფონზე ჩვენი შეთავაზება იყო, მოდით, ხალხო, რაზეც კი ვსაუბრობთ, ყვეალაფერი გადავთვალოთ, 1 500 უბანი. ხალხმა არჩევანი ხომ დააფიქსირა, მოდით, ახლა დავთვალოთ, რა უნდა საქართველოს მოსახლეობას, ვინც არის ხელისუფლების წყარო.

ამაზე ვიღებთ უარს და გვეუბნებიან, რომ ეს უნდა იყოს ხელახალი არჩევნები. არა, ასე არ გამოვა, ისინი იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ვიდრე თვითონ ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, არ უნდა ამ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, უარი თქვეს და ეს არის ფაქტი. თუ არ უთქვამთ უარი, მოდით, მაშინ გადავთვალოთ. ვადამდელი და ხელახალი არჩევნები დღეს ერთი და იგივეა. სამართლებრივად განსხვავება, შეიძლება, არის, მაგრამ ფაქტობრივად ერთი მოცემულობაა. ვადამდელი შეიძლება, იყოს სამი წლის მერეც“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები