დავით ბაქრაძე – ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის
მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი: ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ, – ამასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საკითხთან დაკავშირებით მხარეები რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან.
“მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი: ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერ ჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები დგანან განსხვავებულ პოზიციებზე, მაგრამ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის.
სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ამ ყველაფერს სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. ჯერ კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში ახალ შეხვედრას ველით,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.