მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს: დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ყველგან შევქმნათ პრობლემები
სახელმწიფო უწყებები არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და უფრო მეტიც, უნდა გამოვუშვათ პარლამენტიდან. მარტივი რეცეპტია და თუ გადმოვლენ შეტევაზე, მიიღებენ პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს მიმართა.
მან მოქალაქეებს შაბათისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„არ მივცეთ არჩევნების შედეგების „გაპრავების“ საშუალება, დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ყველგან შევქმნათ პრობლემები. ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი. არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და უფრო მეტიც, უნდა გამოვუშვათ პარლამენტიდან. მარტივი რეცეპტია და თუ გადმოვლენ შეტევაზე, მიიღებენ პასუხს.
ეს არის ხელის განძრევა. მარტო ბეჭდვით არ უნდა შემოვიფარგლოთ, სახლში ვიყოთ და მოვთქვამდეთ. ყველაფერს აქვს აზრი. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიყენოთ ნიღბები, როგორც პურზე ჩავდივართ, სუპერმარკეტში და სამსახურში დავდივართ, ასევეა აქციაზე სიარული “,- განაცხადა სააკაშვილმა.