თბილისში, გუშინ ღამით, ყაჩაღობა მოხდა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნ.ს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი მეგობარს სამმა პირმა, სამედიცინო მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დააყაჩაღა და თანხა გამოსძალათ, ხოლო გაცხადების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
დაზარალებული ფეისბუქმომხმარებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„მოკლედ, გუშინდელი ამბავი მინდა მოგიყვეთ ამ კრიმინალების შესახებ და გთხოვთ ყველამ გააზიარეთ!
მე და ჩემი მეგობარი საკუთარ პროდუქტს ვყიდით დილიდან დაღამებამდე “2 კაპიკი” რომ ვიშოვოთ, ტრანსპორტი ჩვენ არ გვყავს, ფეხით დავდივართ და თან ამ პანდემიის დროს. ეს ორი *ლე და კიდევ მესამე (რომელიც ვერ ვიპოვე სოციალურ ქსელში) გვხდება საბურთალოზე (სამედიცინოს მეტროსთან, ჯპს აფთიაქის მხარეს) და დანას გვიფრიალებენ, მოკლედ რომ ვთქვა, 300 ლარს გვთხოვდნენ და ბევრი პრობლემა არ მინდოდა ფულის მიზეზით შექმნილიყო, ჩანთაში იმ მომენტისთვის მხოლოდ 110 ლარი მედო ქეშად და მივეცი, მაგრამ დამემუქრა, რომ თუ პოლიციაში მივიდოდი მომკლავდნენ! პოლიციაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ვიცი არც არაფერს იზამენ, ამიტომ დაპოსტვა გადავწყვიტე, რომ იცოდეთ რა ყლეობაში ვცხოვრობთ.
იმისთვის, რომ უფრო შემშინებოდა, სად ვმუშაობდი დააზუსტეს და ასევე ჩემი სახელი/გვარი! ასევე მომთხოვეს ტელეფონის ნომერი, რაზეც ამ ორ დებილმა ზარი გამოუშვეს, შესაბამისად უფრო სწრაფად ვიპოვე სოციალურ ქსელში.
მესამეს სახეც კარგად მახსოვს, ნებისმიერ დროს შემიძლია ამოვიცნო.
ზოგადად მშვიდი ადამიანი ვარ და მაქსიმალურად მშვიდად მოვაგვარე, ჩემს ნაცვლად სხვა ტიპი რომ ყოფილიყო, არავინ იცის როგორ დასრულდებოდა!“- დაწერა დაზარალებულმა სოციალურ ქსელში
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ცხელ კვალზე 3 პირი დააკავა, რომელთაგანაც ორი, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 2001 წელს დაბადებული თ.ე. და 2002 წელს დაბადებული თ.კ., ასევე, 1995 წელს დაბადებული ა.გ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედებათ.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური “სამედიცინო უნივერსიტეტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, 1993 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს და მის მეგობარს – 1999 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და 2 თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“, – ნათქვამია შინაგანა საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს დილით დაზარალებულმა მომხმარებელმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც იგი შსს-ს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დამნაშავეები დააკავა.
„სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა ვაკე საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, განსაკუთრებული მადლობა 7 სამმართველოს დეტექტივებს და უფრო დიდი მადლობა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.
მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ყოველშემთხვევაში ამ კონკრეტულ ადგილას ყველანი მეგობრულები და სამართლიანი ადამიანები მუშაობენ“ – დაწერა დაზარალებულმა.