ოპოზიცია გეგმავს, მაიკ პომპეოს “დისტანციის დაცვითა და პლაკატებით” დახვდეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისში ოპოზიცია აქციის გამართვას გეგმავს, ოღონდ ეს არ იქნება პოლიტიკური ხასიათის მატარებელი.
აქციასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე მოქალაქეები პლაკატებითა და დისტანციის დაცვით იდგებიან.
“ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე. ჩვენს ცენტრალურ გამზირებზე ადამიანები გამოვლენ, დაიცავენ დისტანციას, იქნება სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია და მოპარულია არჩევნები. ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე ეს გამზირები. ასევე, იქნება პლაკატები და ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.