აშშ-ში კონგრესმენები მოუწოდებენ ბაიდენს, კავკასიის რეგიონში ახალი პოლიტიკის ფორმირება დაიწყოს

“აშშ-მა უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანის სამხედრო დახმარება, რომელმაც ბოლო წლებში 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ასევე, გადახედოს თურქეთთან ურთიერთობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ახლა კი უკვე  – ყარაბაღშიც”, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენების: ადამ შიფის, ფრენკ პალონესისა და ჯეკი შპაიერის წერილშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნეს.

კონგრესმენები ბაიდენს ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაში აშშ-ის როლის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მშვიდობას მივესალმებით, ღრმად ვართ შეშფოთებული შეთანხმების დაუყოვნებლივი და ხანგრძლივი ეფექტებით, რომელიც არაფერს იძლევა ყარაბაღის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტისთვის. მეტიც, მივიჩნევთ, რომ ამ ტრაგიკული შედეგის არიდება იყო შესაძლებელი შეერთებულ შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად გაბედული მოქმედების შემთხვევაში”, – ნათქვამია წერილში.

კონგრესმენები მხარს უჭერენ ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვით, აშშ-მა უნდა აამოქმედოს 907-ე შესწორება და შეწყვიტოს აზერბაიჯანის სამხედრო მხარდაჭერა, ასევე, მოუწოდოს სხვა ქვეყნებს, იარაღის მიწოდებით კონფლიქტს ხელი არ შეუწყონ. აშშ არ უნდა აძლიერებდეს ქვეყანას, რომელიც სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით მეზობლებს ესხმის თავს.

ასევე, ნათქვამია, რომ შტატებმა თურქეთის მიმართ პოლიტიკას კარდინალურად უნდა გადახედოს, რომელიც ნატო-ს წევრია და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს სირიაში, კვიპროსზე, ყარაბაღში და სხვა რეგიონებში.

“თანამდებობის დაკავების შემდეგ, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა რეგიონში ახალი პოლიტიკის ფორმირება მოახდინოთ, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული. აშშ მოლაპარაკებებში კვლავ უნდა ჩაერთოს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატში მოხდეს”, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები