გიორგი ცუცქირიძე: საშუალოვადიან პერიოდში ზრდის მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აჩვენებს საქართველოს ეკონომიკის კარგ ადაპტირებას ახალ რეალობაში
“საქართველოს ეკონომიკის ზრდა უახლოეს წლებში ყველაზე მაღალი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აჩვენებს საქართველოს ეკონომიკის კარგ ადაპტირებას ახალ რეალობაში, პანდემიურ გამოწვევებთან მიმართებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის ზრდას საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს როგორც ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები, ასევე – სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომლის განხორციელებაც, საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდასთან ერთად, კერძო სექტორის განვითარების თვალსაზრისით იქნება მეტად მნიშვნელოვანი, გაზრდის რა მთლიანობაში ეკონომიკის პროდუქტიულობას.
აღსანიშნავია, რომ, სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ – მთელს ევროპაში, მიუხედავად ეკონომიკის ზრდის მომავალი წლის განახლებული და წინა პერიოდთან შედარებით შემცირებული 4.3 პროცენტიანი მაჩვენებლისა, რაც ოქტომბერში რეგიონში არსებულ დაძაბულობასა და გლობალური მასშტაბით პანდემიური მოვლენების გამძაფრებას უკავშირდება.
„თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი უკვე ამ წლის ბოლოს შეიძლება, პოზიტიური მიმართულებით შეიცვალოს და კვლავ დაუბრუნდეს 5 %-იანი ზრდის მაჩვენებელს, რაც ნოემბრის პირველ ნახევარში ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან იქნება დაკავშირებული.
მიუხედავად შედარებით მაღალი ფისკალური დეფიციტისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების შემცირების თვალსაზრისით, ხოლო მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით. ფონდის მისიამ ასევე დადებითად შეაფასა მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები, ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით, საგადასახადო შეღავათების შედეგად, სამუშაო ადგილების შენარჩუნების და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით,“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.