დავით ზალკალიანი: ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში
“ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს.
„საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოზიცია მიღწეული ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ არის ასახული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერმინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, ასევე, საქართველოს პრემიერმინისტრსა და სომხეთის პრემიერმინისტრს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, რომ ჩვენი მხრიდან ჩვენი რესურსებით მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის დიალოგს. საქართველო მიესალმება საერთაშორისო ჩართულობასა და საერთაშორისო აქტორების გააქტიურებას ამ მიმართულებით, რაც იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.