გამომძალველი პროგრამა სმარტფონებში

გამოყენების ინტენსივობის კუთხით, მობილურმა ტელეფონებმა და ტაბლეტებმა ჩაანაცვლეს პერსონალური კომპიუტერები. მობილურ ტელეფონებში კომპიუტერებზე არანაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება (პერსონალური, სამედიცინო თუ საბანკო ინფორმაცია, პაროლები და ა.შ.). ამის გამო, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მცირე ზომის ელექტრონულ მოწყობილობებს კიბერსაფრთხეებისგან ისეთივე დაცვა სჭირდება, როგორიც კომპიუტერებს.

რაც უფრო იზრდება საზოგადოების  დამოკიდებულება მობილურ ტექნიკაზე, მით უფრო მეტი ინტერესი ჩნდება კიბერკრიმინალების მხრიდან ელექტრონული მოწყობილობების ამ ტიპზე. მათ შესაძლოა ჰქონდეთ ფინანსური ინტერესი ან სურდეთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მითვისება.

მობილურ ტელეფონზე წარმატებულად განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად შესაძლოა დაკარგოთ:

  • ფინანსები;
  • პერსონალური ინფორმაცია;
  • იდენტობის დამადასტურებელი ინფორმაცია სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსზე;
  • სამსახურებრივი ინფორმაცია.

ელექტრონული მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ პირადი ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალა, კონტაქტები, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. (რა თქმა უნდა, თუ არ გაქვთ შექმნილი სარეზერვო ასლები).

მავნე პროგრამული უზრუნველყოფის წინაშე ყველა ოპერაციული სისტემა თანაბრად მოწყვლადია. კიბერსაფრთხეები გვემუქრება როგორც აპლიკაციებიდან, ასევე არასანდო უკაბელო ინტერნეტ-კავშირებიდან.

როგორ დავიცვათ თავი კიბერსაფრთხეებისგან?

  • აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მხოლოდ ლეგიტიმური რესურსიდან;
  • ჩამოტვირთვამდე შეისწავლეთ აპლიკაცია და ავტორები. გაეცანით რეიტინგსა და გამოხმაურებებს;
  • გაეცანით აპლიკაციის მიერ მოთხოვნილ ნებართვებს. თუ ნებართვები უფრო ფართოა, ვიდრე აპლიკაცია საჭიროებს, დაეჭვდით მის სანდოობაში;
  • არ გადახვიდეთ ელექტრონული ფოსტით ან სმს-შეტყობინებით მიღებულ ბმულებზე, რომლებმაც არალეგიტიმური ან უცნობი წყაროდან უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია;
  • ყურადღებით გადაამოწმეთ ბმულები და QR კოდები, მათზე დაწკაპებით შესაძლოა ავტომატურად გადამისამართდეთ დავირუსებულ ვებ-გვერდზე ან გადმოწეროთ მავნე პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს სმარტფონში;
  • არ შეინახოთ პაროლები და მომხმარებლის სახელები მობილურ ბრაუზერსა და აპლიკაციებში;
  • არ განახორციელოთ ონლაინ-ბანკინგი საჯარო უკაბელო ინტერნეტის (Wi-Fi) გამოყენებით;
  • გადაამოწმეთ ვებ-გვერდის URL-მისამართი, სანამ რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემდეთ, გადაამოწმეთ ვებ-გვერდის სისწორე სამისამართე ველში;
  • მუდმივად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა;
  • გამორთეთ უკაბელო ინტერნეტი, თუ მას არ იყენებთ;
  • პერიოდულად განაახლეთ თქვენი მონაცემები;
  • რეგულარულად შექმენით სარეზერვო ასლები;
  • დააინსტალირეთ მობილური უსაფრთხოების აპლიკაციები, რომლებიც ამოიცნობენ მავნე კოდს და დაგიცავენ მისგან.

მომზადებულია თავდაცვის სამინისტროს სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ „Europol”-ის მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები