კახა კუჭავა: ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობოები დგებიან ყარაბაღში, მშვიდობის გარანტი არ შეიძლება, იყოს

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი და მისი სამშვიდობო ძალები, სამწუხაროდ, ძალიან შორს არიან ნებისმიერი სახის მშვიდობის დამყარებისგან და ისინი თავისი ინტერესების გატარებას შეეცდებიან”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, კახა კუჭავა მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობოები დგებიან ყარაბაღში, მშვიდობის გარანტი არ შეიძლება, იყოს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კონფლიქტის სამშვიდობო გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობოები დგებიან იქ, არ შეიძლება, იყოს გარანტი იმისა, რომ მშვიდობა იქნება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი და მისი სამშვიდობო ძალები, სამწუხაროდ, ძალიან შორს არიან ნებისმიერი სახის მშვიდობის დამყარებისგან და ისინი თავისი ინტერესების გატარებას შეეცდებიან. ამიტომ, პირველ ყოვლისა, მისასალმებელია თვითონ ფაქტი, რომ შეწყდა შეიარაღებული კონფლიქტი, თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, ეს ორი ჩვენი მეზობელი ქვეყანა შეძლებს თავისი ინტერესების დაცვას საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ამ რეგიონში კიდევ უფრო გაზარდოს თავისი გავლენა ე.წ. სამშვიდობო ძალებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები