მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობას აცხადებს და პარლამენტთან რჩება

მოძრაობა „სირცხვილია“ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობას აცხადებს. ამის შესახებ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაქარაშვილმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გამაგრდნენ და დილის 5 საათამდე პარლამენტთან დარჩნენ.

„ჩვენ, დღეს 22:00 საათზე ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ჯარიმა არის დიდი, 2000 ლარი, მაგრამ წარმოიდგინეთ აქ, 22:00 საათზე რომელი პატრული გაბედავს შემოსვლას, პირადობის მოწმობის მოთხოვნას და ჯარიმის გამოწერას?! ეს არის ძალიან ფრთხილად მისაღები გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად გადაწყვიტეთ, თუ ხვდებით, რომ საკმარისად თბილად გაცვიათ, თუ ხვდებით, რომ შეგიძლიათ დილის 05:00 საათამდე ყოფნა და არ გეშინიათ იმის, რომ ზუსტად თქვენ დაგაჯარიმებენ, მაშინ ერთად დავრჩებით. მომზადებული გვაქვს რაღაცები რომ არ გავიყინოთ. იქნება ცხელი სასმელი, მუსიკა, პლედები. ვინც ვერ რჩებით სხვადასხვა მიზეზის გამო, იმ დროს უნდა გახვიდეთ, რომ ტრანსპორტს მიასწროთ. თითო კაცი თუ ივლით, ინადირებენ ჯარიმებზე. ვისაც შეგიძლიათ დარჩენა, გამაგრდით, 05:00 საათამდე გავძლოთ. ვაჩვენოთ, რომ არ ვემორჩლებით და არ გვეშინია! არ ვაპატიებთ არცერთ გადაცდომას, დაუმორჩილებლობა 22:00 საათიდან“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები