ნანა კაკაბაძე: არ მჯერა, რომ ,,ნაცმოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში 27% მოიპოვა და ამდენი მომხრე ჰყავს
2003 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოება უბრალოდ გააქრო, შეიწოვა და ააორთქლა ან საკუთარ პარტიულ უჯრედად აქცია, -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ ,,კვირას” განუცხადა.
კაკაბაძეს არ სჯერა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში 27% მოიპოვა და ამდენი მომხრე ჰყავს.
,,ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს ისაა, რომ კრიმინალები ქმნიან პოლიტიკური დღის წესრიგს. სანამ ეს მოცემულობა არ შეიცვლბა, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან ვერ გამოვა. არ მჯერა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში 27% მოიპოვა და ამდენი მომხრე ჰყავთ. გავხსნათ უბნები და გადავთვალოთ ხმები. ოპოზიციას საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული ჰყავთ იმ დონის დამნაშავეებითა და გამყალბებლებით, რომლებთან ახლოსაც ვერ მივა ვერცერთი საარჩევნო სპეციალისტი. უბნების გახსნა და ხმების გადათვლა უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ,”- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე სექტორი გაერთიანებასა და ერთობლივი განცხადების შემუშავებას, ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის სანდო პირებისგან უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც ექნება ნდობის დიდი ხარისხი.
,,2003 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოება უბრალოდ გააქრო, შეიწოვა და ააორთქლა ან საკუთარ პარტიულ უჯრედად აქცია. დარჩნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციები, რომლებსაც საერთო აღარაფერი დარჩათ საზოგადოებასთან. ამიტომაც, აუცილებლად მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის სანდო პირებისგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც ექნება ნდობის დიდი ხარისხი და მოვითხოვოთ საარჩევნო ხმების ხელახალი გადათვლა. ეს იქნება ჩიხიდან გამოსავალი,”- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად გია ბარამიძემ საზოგადოებას ,,პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა.