ერდოღანი პუტინს ყარაბაღის საკითხის ერთობლივად მოგვარებას სთავაზობს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირების მიზნით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.
ამის შესახებ CNN Turk დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება ერდოღანს და პუტინს შორის 7 ნოემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს გაჟღერდა.
აღინიშნება, ამ ფორმატში მუშაობა, შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს, რის შედეგადაც ეუთოს მინსკის ჯგუფის ალტერნატიული მოედანი შეიძლება გაჩნდეს.
გარდა ამისა, CNN Turk იტყობინება, რომ ქალაქ შუშის აღების შემდეგ, აზერბაიჯანი ცოტა ხნით წინსვლას შეაჩერებს და დაიწყება მოლაპარაკებები, სომხეთი კი თავის მხრივ ეტაპობრივად 7 რაიონის გათავისუფლებას დაიწყებს.
ინფორმაციაზე კომენტარი არც ანკარაში და არც მოსკოვში ჯერ არ გაკეთებულა.