თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დღეიდან ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.

შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ გავრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ​ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი. მისივე თქმით, აღნიშნული სანქციები განსაზღვრულია კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები