მამუკა მდინარაძე: აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაიცვან რეგულაციები და არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქციის ორგანიზატორებმა კოვიდპანდემიის პრევენციისთვის ყველა მოწოდება და რეგულაცია ყურადღების მიღმა დატოვეს. მდინარაძე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როცა აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, კოვიდინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკო-სთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, პოლიციელებს ქვებსა და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვა. როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები, დამატებით სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს 10-მდე უბანზე გადათვლა, ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არათუ გაყალბება რაიმე ფაქტი. ვუერთდები ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაიცვან რეგულაციები, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას პროპორციულად უპასუხებს და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტსა და ასეთ მცდელობას”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები