თაკო ჩარკვიანი აქციის მონაწილეებს: ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, ტროლები “ფეისბუქში“ რომ მწერენ ხოლმე – „აუ, რამდენი ვართ“ – ბევრნი ვართ, ბევრნი

“კარგად დაგეგმილი სტრატეგიით, აღმშენებლობით, სწორი გეგმით, სწორად დასახული ერთობით ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთი ციდა ქვეყანა არავის თუმანზე არ იყიდება”, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

მისი თქმით, ქვეყანაში კანონი და სამართალი უნდა არსებობდეს.

„ჩვენ, თითოეული თქვენგანი აქ ხმის დასაცავად, ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად ვართ. განა რითი გადარჩა 3 მილიონი ქართველი, როგორ მოვაღწიეთ აქამდე. ჩვენ საწყლები, ცოტანი, ათასი მტერი იყო, ნიჭიერნი, ახოვანნი, ტანადნი, რით გადავრჩით, ბრძოლით და იმით, რომ ღირსებააყრილები არ ვიყავით. და რომ არ ვართ, ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, რომელსაც ხშირად ტროლები „ფეისბუქში“ მიწერენ ხოლმე – აუუუ, რამდენი ვართ. ბევრნი ვართ, ბევრნი. ბევრი ვერ მოვიდა, ბევრი რეკავს. ფინანსების გამოც ვერ მოვიდნენ. მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. წაიღო ამ კაცმა ყველაფერი, იყიდა მთელი საქართველო და ჯიბეში ჩაიდო. არ გავატანოთ. კარგად დაგეგმილი სტრატეგიით, აღმშენებლობით, სწორი გეგმით, ისეთი, როგორიც ჩვენს მეფეებს სჩვევიათ, მთავარსარდლებს, რიგითებს, ჯარისკაცებს, იმ გეგმით, სწორად დასახული ერთობით, ისეთი ერთობით, როგორითაც დღეს აქ ვდგავართ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთი ციდა ქვეყანა არავის თუმანზე არ იყიდება. და ბოლოს, მინდა, ვთქვა, ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს აქციაა, ორთქლს გამოუშვებს და მერე დავიშლებით. პერმანენტულად მინდა ვუთხრა თავხედ რუს ფეოდალს, ოლიგარქს, რომ მისი დრო დასრულებულია. მე არავის ცუდი არ გამიხარდება. არასოდეს ოპოზიცია სამართლებრივი ჭრილიდან არ გადის, თორემ ჩვენ პროკურატურას და სასამართლოს იმიტომ კი არ მივაკითხეთ, რომ პროკურატურის გვჯერა, მსოფლიოს ვაჩვენეთ, როგორი პოლიტიკური კულტურის ხალხი ვართ. მხოლოდ ამიტომ მივედით. დამიბრუნე კანონი, დამიბრუნე სამართალი, დამიბრუნე სახელმწიფო. მიყვარხართ“, – მიმართა აქციის მონაწილეებს თაკო ჩარკვიანმა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები