მამუკა ხაზარაძე: არავისთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ, მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და ცესკო და ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ადამიანებს ხმის უფლება წაართვეს
რუსთაველზე მიმდინარე ოპოზიციის აქციას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
“ლელოს” დამფუძნებლის თქმით, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სიყალბე და ხმების ქურდობა, სწორედ ამის შემდეგ მიეცემა საქართველოს საშუალება აღმშენებლობა დაიწყოს.
„პროტესტი არის სამართლიანი. ამ ქვეყანაში არჩევნები გააყალბეს, მომავლის პერსპექტივა წაართვეს ჩვენ ქვეყანას. ყველაფერი ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს სიყალბე, ტყუილი, ხმების ქურდობა და ამ ქვეყანას მიეცეს საშუალება, რომ დაიწყოს აღმშენებლობა. სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, სანამ არ შეიცვლება ცესკო, სანამ ეს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ძალიან ცუდად, მოტყუებით, მუხანათურად წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ეს დამთავრებული ამბავია! ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ ოპოზიციის თემაზე, ვლაპარაკობთ რიგითი ამომრჩევლის უფლებების დაცვაზე. დემოკრატიის წესებზე ვსაუბრობთ აქ და არაფერ შუაშია ოპოზიციასთან მოლაპარაკება – არმოლაპარაკება”, – განაცხადა ხაზარაძემ.