“სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ. რიგ შემთხვევებში არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას აქვს ადგილი”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კომისიებისგან კანონის დარღვევასა და სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დაშვებას მოითხოვენ.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი განცხადება-საჩივრების განხილვა გრძელდება. თუმცა, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა იციან, სამართლებრივად ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევასა და არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე. ამასთან, მათ ყველას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია დაესწროს სხდომას, მიუხედავად აღნიშნულისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ , პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას. აქვე შეგახსენებთ, რომ რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელსა და ცესკო-ში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.