27-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მცხეთის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო

27-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მცხეთის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო, – ამის შესახებ ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა იქნა გამოყენებული.

„№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო. შესაბამისი განკარგულება საოლქო საარჩევნო კომისიამ 3 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიამ დეტალურად შეისწავლა საკითხი, მიიღო ახსნა-განმარტება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნისგან. მათ განმარტეს ოქმში დაშვებული შეცდომების მიზეზები, თუმცა, ამის მიუხედავად საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ოქმის შევსებისას დაშვებული შეცდომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გაუქმებულიყო. შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მარნეულის №13.22.67 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში ცვლილება გაურკვეველ ვითარებაში მოხდა და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

„რაც შეეხება მარნეულის №13.22.67 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, მარნეულის №13.22.67 საარჩევნო უბნის წევრებმა დადგენილი წესით შეადგინეს შემაჯამებელი ოქმი, უფლებამოსილ პირებზე გასცეს ამ ოქმის ასლი, რის შემდეგაც ოქმში ცვლილება გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა საკითხის შესწავლა, ვინაიდან აღნიშნული ოქმი არავის გაუსაჩივრებია.

3 ნოემბერს, უფლებამოსილ პირებზე გაცემული დამოწმებული შემაჯამებელი ოქმის ასლის და ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განმარტებების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება საოქმო მონაცემების ცვლილების თაობაზე. აღნიშნული კი არის პირველი ოქმის იდენტური და ასახულია ცესკო-ს შედეგების ვებგვერდზე.

№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიამ №05.06.97 საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენები გადათვალა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნულ უბანზე სადემონსტრაციო ოქმი, რომელიც საჯაროა, სწორად იყო შევსებული, თუმცა მონაცემების გადატანისას დაშვებული იქნა შეცდომა. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნულ უბანზე მიზანმიმართულად არ მომხდარა ოქმებში არასწორი მონაცემების დაფიქსირება და მომხდარი მხოლოდ ადამიანური შეცდომის ფაქტორით არის განპირობებული.

სწორედ აღნიშნული შეცდომის გამო იქნა მიღებული გადათვლის გადაწყვეტილება, რის შედეგად შემაჯამებელ ოქმებში შეიცვალა მონაცემები. №05.06.97 საარჩევნო უბნის შედეგთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ წარადგინა საჩივარი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ზემოხსენებული გადაწყვეტილება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უკვე ინფორმირებული იყო ხარვეზის თაობაზე და საჩივრის არარსებობის შემთხვევაშიც განახორციელებდა შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები