ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გლდანში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ნიკა მელია ადგილზე ფლაერებს არიგებდა და ამომრჩეველს კვირას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მან ერთ-ერთი სამართალდამცველი იცნო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს გლდანში იარაღიანი პირები გადაადგილდებოდნენ, პოლიციას სათანადო რეაგირება არ ჰქონია და ისინი არ დაუკავებია.
“არ აკავებდი, ყველა გარეთაა და სათამაშო იარაღი იყოო, ამას მეუბნები კამერების თანდასწრებით. როგორ არ გრცხვენია? შემეცოდე ადამიანურად, რომ კრიმინალების გარემოცვაში იყავი და ხმას ვერ იღებდი, ჩემი ქვეყანა მეცოდება”, – მიმართა ნიკა მელიამ პოლიციელს.
პოლიციელის განცხადებით, არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ამის გამო რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
“არსებობენ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ყველაფერთან ერთად არიან ჩვენ წინაშე კი არა, ჩვენი შვილების წინაშე უკვე დამნაშავეები, აი, ეს ბატონი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, ყველა დარბევა, რაც კი ხორციელდებოდა გლდანში, ჩანდნენ და არ აკავებდნენ, გული მეტკინა, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები. ახლა ამბობს, რომ სათამაშო იარაღი ჰქონდაო”, – განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან აღნიშნული დაპირისპირების შესახებ საუბრისას.