აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი იტალიურ გაზეთ La Repubblica – სთან აცხადებს, რომ სომხების მთელი ისტორია ტყუილია და რომ მათ ყოველთვის დახმარება სჭირდებათ, ხოლო აზერბაიჯანი მულტიეთნიკური, მულტირელიგიური ქვეყანაა, ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია გენოციდზე საუბარი.
„მათი მთელი ისტორია ტყუილია. მე ვთქვი, რომ აზერბაიჯანში ათასობით სომეხია, ხოლო სომხეთში ან მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელები არ ცხოვრობენ. სომხეთის მოსახლეობის 99 პროცენტი ეთნიკური სომეხია. შეგიძლიათ, მსგავსი ქვეყანა იპოვოთ, სადაც სულ ერთი ეთნოსია? ეს არის მონორესპუბლიკა. რატომ? იმიტომ, რომ მათ ან ყველა გააძევეს ან სხვა ერებს არ შეუძლიათ იქ ცხოვრება.
აზერბაიჯანი მულტიეთნიკური, მულტირელიგიური ქვეყანაა. ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია გენოციდზე საუბარი. როგორც ყოველთვის, სომხები თავს ტანჯულად წარმოაჩენენ, ყოველთვის ტირიან, ყოველთვის დახმარება სჭირდებათ. მაგრამ ნახეთ, რა ხდება დღეს, ფაშინიანი პრეზიდენტ პუტინს დღეში ხუთჯერ ურეკავს, პრეზიდენტ მაკრონსაც, თუმცა, ცოტა ნაკლებად. იგი ურეკავს ყველას.
ფაშინიანი მოუწოდებს ევროპის ლიდერებს, აღიარონ მთიანი ყარაბაღი, მაგრამ არ ესმის, რომ ევროკავშირს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვს, ამიტომ, იგი ცდილობს სრული სიყალბით გარკვეული მხარდაჭერის მისაღებას.
მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ნათქვამზე. მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრეს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მხარეებმა გააფორმეს, ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ისინი პირობების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.