აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ყველა შტატში უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლა.
პერიოდულად კი მონაცემი იცვლება.
ამ წუთის მდგომარეობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა – ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 205 ხმა მიიღო, რესპუბლიკელების კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კი – 171. კანდიდატს გამარჯვებისთვის 270 ხმა სჭირდება.
თუმცა, აშშ-ის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, შედეგი ნებისმიერ მომენტში შეიძლება, შეიცვალოს და საბოლოო შედეგის აღნიშვნა ძალიან ნაადრევია.
ცოტა ხნის წინ ამომრჩეველს ჯო ბაიდენმა უკვე მიმართა, რომელმაც თქვა, რომ გამარჯვების დიდი იმედი აქვს. მან მადლობა გადაუხადა შტაბის წევრებსა და მოხალისეებს, რომლებიც მის კამპანიაში მონაწილეობდნენ, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევია. თეთრ სახლში განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
ცნობილია ის, რომ თეთრ სახლში თავდაპირველად იგეგმებოდა 400-კაციანი წვეულების გამართვა, შემდგომ ეს რიცხვი 200-მდე შემცირდა. თუმცა, მედია აღნიშნავს, რომ ამჟამად თეთრ სახლში სიმშვიდეა, სტუმრების შეკრება არ შეინიშნება.
აშშ-ის არჩევნების ბედს ტრადიციულად ე.წ. მერყევი შტატები წყვეტენ, შესაბამისად, ამ წუთის მდგომარეობით, ფლორიდის, ჩრდილოეთ კაროლინისა და კიდევ რამდენიმე შტატის მონაცემი უცნობია.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ტეხასის შტატში, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სტაბილურად რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი იყო, წელს აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნებოდა და დემოკრატიულ პარტიას აქ გამარჯვების მცირედი იმედი ჰქონდა, თუმცა, ბოლო მომენტში ეს იმედი არ გამართლდა და შტატის ამომრჩეველთა კოლეგიამ ხმები ტრამპს მიაკუთვნა.