დავით ზურაბიშვილი: აღშფოთებული ვარ პოლიტიკური ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, არ შევიდნენ პარლამენტში
პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოპოზიციის გადაწყვეტილებით, არ შევიდეს პარლამენტში. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ საკითხზე მედიასთან ვრცელი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
“ძალიან აღშფოთებული ვარ პოლიტიკური ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, არ შევიდნენ პარლამენტში. განსაკუთრებით, ,,არანაცური,, წარმომავლობის პარტიებს ეხებათ ეს. ,,ნაცების,, მიმართ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს. მეტი რომ არ შეიძლება, ისე აღშფოთებული ვარ.
ბუნებრივია, ჩემს ამ პოზიციას არ ვმალავ და თუ მასმედიას აინტერესებს ჩემი აზრი და ჩემი შეფასების მოსმენა, უარს არ ვეუბნები. ზოგადად, არც იმის მომხრე ვარ, რომ ამისთვის ადამიანმა არ გამოიყენოს პროსახელისუფლო მედიასაშუალებები.
მაგრამ არის ორი ტელევიზია, კერძოდ, “იმედი” და “პოსტვ”, რომლებიც უბრალოდ პროსახელისუფლო ან სახელისუფლო მედიასაშუალებები კი არ არიან, არამედ ორი უდანაშაულო მეცნიერის უსამართლო პატიმრობის აქტიური “გამპრავებლები”, რაც მიმაჩნია ისეთი დონის ამორალობად და სიბინძურედ, რომ მათთან მე არანაირი შეხება არ მსურს მქონდეს და არც მექნება.
ამიტომ, თუ შემთხვევით მოინდომებთ ჩემთან დაკავშირებას, აქაოდა, ოპოზიციას აკრიტიკებსო, თავს ტყუილად ნუ შეიწუხებთ.
“ასავალდასავლებს”, “საქინფორმებს”, “მარშალპრესებსა” და სხვა ეგეთ ფაშისტურ თრეშებს, ბუნებრივია, საერთოდ არც ვაგდებ სათვალავში.
სულ ესაა. გმადლობთ ყურადღებისთვის”, – წერს დავით ზურაბიშვილი.