საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს სისტემაში გარკვეულ გადატვირთვას გამოიწვევს.
ტიკარაძემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ეპიდემიოლოგებსა და ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს კონკრეტული კოეფიციენტები, რომელიც დადგენილია ინფექციის გავრცელების რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ტესტია ჩასატარებელი. კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებსაც ინტერესიდან გამომდინარე სურთ, ჩაიტარონ ტესტი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ვირუსის გავრცელების იმ ეტაპზე ტესტის ჩატარება არის არაეფექტური. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში არანაირი რიგები არ გვექნება. თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში და არ იქნება სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან.დღეს მუშაობს 30 ლაბორატორია და ისინი აკმაყოფილებენ ყველა იმ მოცულობას და გამტარობას, რომელიც დღესდღეობით საქართველოსთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტიკარაძემ.