მაია ცქიტიშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის გამოყენება უნდა იყოს სავალდებულო როგორც დახურულ, ისე – ღია სივრცეში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირბადის გამოყენება უნდა იყოს სავალდებულო როგორც დახურულ, ისე – ღია სივრცეში.
მინისტრმა ბრიფინგზე არჩევნების შესახებაც გააკეთა კომენტარი.
“მიუხედავად პანდემიისა, ნამდვილად ვაჩვენეთ დიდი სამოქალაქო შეგრძნება და პასუხისმგებლობა, როდესაც მოსახლეობის 56 % მივიდა არჩევნებზე და სრულიად უსაფრთხო პირობებში დააფიქსირა თავისი არჩევანი.
საარჩევნო პროცესი მაღალი მობილობით ხასიათდება. ბევრ დასახლებაში გვიწევს მეორე ტურის ჩატარება, ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი კვლავ მაღალი იქნება, ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.
მაგრამ დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ, ინფიცირებულთა ზრდა არ არის სწრაფი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობის კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვირუსის გავრცელება უნდა შევანელოთ.
ამის გათვალისწინებით, საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის გამოყენება უნდა იყოს სავალდებულო როგორც დახურულ, ისე – ღია სივრცეში, ეს არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.