კახა საბანაძე: “პუბლიკას” ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას დაემატა სსკ-ს 154-ე მუხლი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, გლდანში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ – “პუბლიკას” ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას დაემატა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას მუხლი.
“გლდანში ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც “პუბლიკას” ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. დაკითხვები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის გამოკითხულია ჟურნალისტი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – განაცხადა კახა საბანაძემ.
ცნობისთვის, „პუბლიკის“ ჟურნალისტს პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა და ტელეფონი, რომლითაც დაპირისპირებას იღებდა, დაუმტვრია.