მიხეილ სააკაშვილი: პრემიერობაზე უარი ვთქვი
„ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე ვაცხადებ მიხეილ სააკაშვილი არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურმა სპექტრმა „ქართულ ოცნებაზე” დამაჯერებლად გაიმარჯვა.
„ეს არის ისტორიული დღე. იმ პირობებში, როდესაც მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში კამპანიის წარმოების, ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი, უპირატესი გამარჯვება ე.წ. ქართულ ოცნებაზე.
მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩემი არ ყოფნის პირობებში აიღო მინიმუმ 33%, მაჟორიტარები ჩვენ გვაქვს მოგებული. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო თბილისი, მოიგო ქუთაისი, ბათუმი. ეს არის ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლა მთავარი ამოცანაა ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება.
„ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება. ხალხმა მხარი დაუჭირა ყველაზე პატარა ოპოზიციურ ჯგუფებს იმის გამო, რომ ისინი არ არიან ივანიშვილთან.
მივესალმები იმას, რომ ოპოზიციურმა ერთობამ 2 დღის წინ მოაწერა ხელი იმას, რომ არანაირ კოალიციას არ გააკეთებენ ივანიშვილთან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია ოპოზიციური ძალების, ეროვნული ერთიანობის მთავრობა იმისათვის, რომ დავძლიოთ ქართული ოცნების მძიმე მემკვიდრეობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.