სალომე ზურაბიშვილი: დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე N67 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. ეს იქნება ჩვენი ნათელი მომავალი. დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ევროპული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მოვიდეს. აქ დაცულია ყველა ზომა, რომ ყველამ შეძლოთ უბანზე მობრძანება და ხმის მიცემა, ნურაფრის ნუ გეშინიათ.
თქვენ თვითონაც დაიცავით დისტანცია, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობა არის, რომ დისტანცია დაცული იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება, მშვიდობიანად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.