უკრაინის მმართველი პარტიის – “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ელიზავეტა იასკოს განცხადებით, საქართველომ უკრაინელი დეპუტატების მიღებაზე უარი თქვა, რომლებიც დღეს ღამით უნდა ჩამოფრენილიყვნენ თბილისში – არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით, “ნაციონალური მოძრაობის” მოწვევით.
მისი თქმით, საქართველოში გამგზავრებას 30 დეპუტატი გეგმავდა.
“დღეს, ღამით საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან თვითმფრინავის მიღებაზე უარი თქვა. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულ გამჭვირვალობასა და არჩევნების შედეგების ნდობას, მათ შორის, დამკვირვებლები უზრუნველყოფენ. ჩვენი დამკვირვებლების ჩასვლა, როგორც მეგობარი, პარტნიორი-ქვეყნიდან, უნდა ყოფილიყო აღქმული, როგორც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გამოვლინება იმ თბილი ურთიერთობის სახელით, რომელსაც ასევე აკავშირებთ საერთო გამოწვევები, რუსეთის ოკუპაციის სახით”, – თქვა დეპუტატმა.
მისივე თქმით, მომავალში უკრაინა მზად არის, ითანამშრომლოს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტთან, უმრავლესობის კონფიგურაციისა და პრემიერმინისტრის ვინაობის მიუხედავად.
როგორც “კვირამ” გაარკვია კიევის რეისის გაუქმება ავიაკომპანია SkyUp-მა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში მედიაჯგუფ Golos -ის პრესკლუბში ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, კერძოდ, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს დირექტორმა – ოლეგ დეინეკმა და მთავარმა პროდიუსერმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც მთლიანად შეეხებოდა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს, სოციოლოგიურ კვლევებს, ასევე, მასში მიხეილ სააკაშვილის როლს.
ჟურნალისტებმა მედიას გააცნეს იმ დეპუტატების სია, რომლებიც საქართველოში დამკვირვებლების სტატუსით ჩამოსვლას აპირებდნენ.
როგორც დეინეკმა აღნიშნა, დელეგაციის სათავეში ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი – დავიდ არახამიაა და მისი გარემოცვის დეპუტატები, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის რეფორმების საბჭოში დანიშვნას აქტიურად ლობირებდნენ.
ასევე, დეინეკის თქმით, დელეგაციაში მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ან მასთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი დეპუტატები არიან, რომელთა ამოცანა იყო საქართველოს არჩევნებისადმი ნდობის დაკარგვა, განცხადებების გაკეთება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თითქოსდა, შედეგების გაყალბება მოხდა.
რაც შეეხება დეპუტატ ელიზავეტა იასკოს, უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, ის ბოლო დროს სხვადასხვა კამპანიაში სააკაშვილთან ერთად აქტიურად მონაწილეობს, იქნება ეს პოლიტიკური ღონისძიებები, მედიასთან ურთიერთობა თუ სხვა. შესაბამისად, ოლეგ დეინეკის თქმით, იასკო არჩევნების ობიექტური შემფასებელი ვერ იქნება, რადგან მისი ურთიერთობა სააკაშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას სცდება.