რევაზ მიშველაძე: ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება

„გითხრათ სიმართლე, არ მეგონა, თუ 2020 წლის 29 ოქტომბერს მოგვიწევდა მიტინგის ჩატარება იმის შესახებ, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, მაგრამ ამ საარჩევნო მარათონს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ მე შეიძლება შევცდე, შეიძლება აუცილებელიც კი იყოს შევახსენოთ ერთმანეთს ზოგი რამ იმ დანაშაულთა შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა 9 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ მწერალმა რევაზ მიშველაძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს” ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„მინდა შეგახსენოთ, წაგებული ომის შემდეგ ვინ გამოიგონა ახალი საზღვრები ავტონომიებისა და ვინ ჩაბარა მტერს კოდორის ხეობა და ლენინგორი, ვინ ჩააბარა მტერს უძველესი ქართული მიწა, ის მიწა, რომელიც საქართველოს ორგანული ისტორიული ნაწილი იყო და მერე მეზობელ ქვეყანას ვინ უფეშქაშა ჩვენი ძვირფასი დავით გარეჯი, ქართული ქრისტიანული სავანე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი ბერად აღიკვეცა და დღეს ჩვენ, ქართველებს სალოცავადაც არ გვიშვებენ. ვინ გააუქმა ქართული ენის პალატა, როცა 1918-21 წლებში ქალაქის მერიასთან არსებობდა ქართული ენის კომისია, რომელსაც თანხმობა უნდა მიეცა ქალაქის ხელისუფლებისთვის, რომ საჯარო სამსახურში უნდა დაენიშნათ პირი მხოლოდ იმ შემთხევვაში, თუ მან კარგად იცოდა ქართული. აი, ასეთი კასკადია დანაშაულობათა.

გაავსეს ქართული ციხეები და გამოიგონეს პატიმართა ტანჯვის საშინელი მეთოდები. ვინ იყო ის კაცი, რომელიც გორის მიწაზე ხოხავდა მტრის თვითმფრინავის გამოჩენისას, რომელსაც დაცვა თავზე აფარებდა თუნუქის ტაშტებს, რომ დაეცვათ. ვინ იყო ის კაცი, რომელმაც გასცა განკარგულება, შუაღამის შემდეგ დაებარებინათ მოქალაქეები და იძულებული გაეხადათ დაეწერათ იმის შესახებ, რომ თავის პირად ქონებას ასხვისებდნენ მავანთათვის და ის ფული ამ დამნაშავე პარტიის ჯიბეში ილექებოდა, ვინ შემოიღო ტრადიცია ხელმძღვანელი პირების არამშობლიურ ენაზე გამოსვლისა საერთაშორისო შეხვედრებზე. ვინ გამოვიდა ამერიკის სენატში და განაცხადა, ორმოცი წლის შემდეგ მე საქართველოში მოქალაქე საჯარო სამსახურში არ მჭირდებაო. ვინ დაიწყო ნადირობა ქართულ ეროვნულ ძეგლებზე. ვინ ააფეთქა მერაბ ბერძენიოშვილის უბრწყინვალესი გამარჯვების მემორიალი და აი, აქ ჩემს მშობლიურ ქუთაისში. ვინ გააუქმა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემია, წაართვა მას ინსტრიტუტები და წაართვა უფლება, ყოფილიყო ფლაგმანი ქართული მეცნიერებისა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი მითითებით წერა-კითხვის მცირედ მცოდნე განათლების მინისტრმა გამოგზავნა ბრძანება, რომლის ძალითაც 2446 თანამშრომელი, პროფესორ-მასწავლებელი უნივერსიტეტისა ქუჩაში გარეკეს.

ამასაც არ დასჯერდნენ და 2007 წლის 21 აგვისტოს ზონდერთა ბრიგადა გამოგზავნა მწერალთა კავშირში და მემორიალური ნივთები კონსტანტინე გამსახურდიასი, გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, იოსებ გრიშაშვილის და სხვათა და სხვათა, ქუჩაში გამოყარა. მწერალთა სასახლეს ოკუპაცია გაუკეთეს და ჩვენ მწერალთა კავშირის 640-ე წელს ჩვენს შენობაში არ გვიშვებდნენ, ისე ჩავიდნენ მიწაში ანა კალანდაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოტია იოსელიანი, რომ თავის სასახლეში მწერლების დაბრუნებას ვერ მოესწრნენ. ვინ დაარბია „იმედი” 2007 წლის 7 ნოემბერს და ვინ ჩაიდინა ის საშინელი ბარბაროსობა, რასაც ერქვა 2011 წლის 26 მაისს ბართლომეს ღამის მოწყობა რუსთაველის გამზირზე.

ეს 2-2 გვამის მოყვარული ხელისუფლება იქამდე მიდის, რომ მეტროს ჯიხურის თავზე ათავსებს 2 გვამს, თითქოს ისინი ელექტროდენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ და ბოლოს სახლში რომ მიბრძანდებით, ჩახედეთ პირადობის საბუთებს, რომელშიც ეროვნების დამადასტრურებელი ცნობა არ არის. თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ერის წარმომადგენელს საბუთით დაუმტკიცოთ თქვენი ქართველობა, ესეც მიხეილ სააკაშვილის კისერზეა. ეს, რაც ჩამოგითვალეთ, შეიძლება იყოს 2% იმ დანაშაულობათა, რაც მათ ჩაიდინეს. ხედავთ, რომ ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, პარტია, რომლის ხელმძღვანელმაც ააშენა დიდებული სამების ტაძარი და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მახათას მთაზე. გაარემონტა საქართველოს ყველა თეატრი, ყველა სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ქუთაისში გაიხსნა დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ამ ოცნების ხელმძღვანელმა თავისი ჯიბიდან დააფინანსა. ამიტომ, ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება”, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები