არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები, პირველ ყოვლისა, მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა საზოგადოებას, ამასთანავე, აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს „ნაცმოძრაობა” და მისი დანაყოფები
„მიეცით ხმა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობის განმტკიცება, ზრუნვა ადამიანზე და ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება და შედეგიანი საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არჩევნები, პირველ ყოვლისა, მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა საზოგადოებას, ამასთანავე, აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან „ნაციონალური მოძრაობა” – ეს პოლიტიკური პირატების დაჯგუფება გაიყვანოს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს პოლიტიკური სპექტრი სამ ნაწილად არის დაყოფილი.
„დღეს პოლიტიკური სპექტრი სამ ნაწილად არის დაყოფილი: ერთი, ეს არის მმართველი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს მოცულობითი სამუშაო შესრულებული, არის მომავალზე ორიენტირებული და გააჩნია პროგრესული გეგმა სამომავლო გეგმა; მეორე – ახალი ოპოზიციური პარტიები და ჯგუფები, რომელთაც ჩვენს მიერ განხორციელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა მისცა საშუალება, რომ შევიდნენ დამოუკიდებლად პარლამენტში; და მესამე: ეს არის პირატების პოლიტიკური დაჯგუფება, პოლიტიკური პირატები, რომლებიც ცდილობენ აკრძალული მეთოდებით, დემოკრატიაზე თავდასხმებით დარჩნენ პოლიტიკაში. კარგია, რომ დღეს მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ აქვთ, თუმცა, საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები პოლიტიკიდან გაიყვანოს. მათი ადგილი ოპოზიციაში ჯანსაღმა ძალებმა უნდა დაიკავონ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.