სერგი კაპანაძე: არანაირი შეიარაღებული ამბოხება არ იქნება
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაცადი ხერხი გამოიყენოს, რომ ოპოზიციას შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა დააბრალოს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს, „ევროპულ საქართველოს“ IPM-თან რაიმე კვლევა ჰქონდა.
„ბატონი კობახიძე არის მატყუარა, „ევროპულ საქართველოს“ IPM-თან არანაირი კვლევა არ ჰქონია. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგან აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ მომხდარა. ჩვენი კვლევა გუშინ რაც იყო, გავასაჯაროეთ შედეგები და იმ კვლევის მიხედვით, ისევე როგორც სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება“ დრამატულად აგებს ამ არჩევნებს. როგორც ჩანს, ახლა მოიგონეს, რომ ნაცადი ხერხი გამოიყენონ და დააბრალონ ოპოზიციას რაღაც შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომები და ბოდვები. არაფერი გამოუვათ, არანაირი შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა არ იქნება, ძალიან წყნარად ამ შაბათს ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე. ტყუილები დარჩება ისტორიას, როგორც მორიგი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საბჭოური სტილის მმართველობა უნდა რომ ჰქონდეს ივანიშვილს“, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.