მიხეილ ჩხენკელი: ვულოცავ ჩვენს მოჭადრაკეებს მსოფლიოს სასკოლო ონლაინჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას

ვულოცავ ჩვენს მოჭადრაკეებს მსოფლიოს სასკოლო ონლაინჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 3-25 ოქტომბერს, მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ეკატერინე ფიფიამ 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში 8 ქულა დააგროვა, 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. 7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნია დონღვანმა, ხოლო 5 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა დიანა ლომაიამ.

„მიხარია, რომ ის დიდი ტრადიციები, რომელიც სპორტის ამ სახეობაში გვაქვს გრძელდება და 50 წელზე მეტიაშეუქცევად ხასიათს ატარებს. საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე, ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და მუდმივად საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან.

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატში ეკატერინე ფიფიას ჩემპიონობა და ნია დონღვანის ბრინჯაოს მედალი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა – ერთი, რომ პანდემიის პირობებში, შემცირებული სპორტული აქტივობების ფონზე გოგონებმა მოახერხეს ქართველი გულშემატკივრის გახარება და მეორე – მათ მედლები მოიპოვეს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე, რაც მისაბაძი მაგალითი გახდება სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვისზე ზრუნვაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები