მსოფლიოში ერთ კვირაში კორონაცვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2,4 მილიონს გადააჭარბა, რაც პანდემიის დაწყებიდან ერთკვირიანი მონაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
ჯანმო-ს მონაცემით, ერთ კვირაში ვირუსს 36 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.
“ახალი შემთხვევების რიცხვი მზარდია მაშინ, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით, სტაბილურია”, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.
ყველაზე მძიმე ეპიდვითარება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია. რეგიონში 12-18 ოქტომბრის მონაკვეთში 798 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, ჯამურად, ინფიცირებულთა რიცხვმა 18,8 მილიონს გადააჭარბა. ასევე, შვიდი დღის მონაცემით, 16 ათასზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა, ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი 608 ათასს აჭარბებს.
ევროპაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, 12-18 ოქტომბრის პერიოდში დაავადების ზრდის 25%-ანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დაავადებულთა რიცხვი 928 ათასს გადააჭარბა და სულ 8 მილიონს აღემატება. ასევე, ერთ კვირაში ვირუსს 8 ათასზე მეტი ადამიანია ემსხვერპლა, სულ 256 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევაა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ერთ კვირაში კოვიდ19-ით 513 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ჯამურად, 8,5 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილთა მაჩვენებელი 135 ათასს გადააჭარბა, რაც წინ კვირასთან შედარებით 6,8 ათასზე მეტია.