ნინო ზამბახიძე: პირველი, რაც გააჟღერა პრემიერმა, იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
“ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე უფრო სტუმარმასპინძლობის სექტორს დაეტყო კოვიდი და პანდემია და ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ეს მიმართულება, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები”, – ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნინო ზამბახიზემ პრემიერმინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
“ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას, ესენია – საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადების გადავადება, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში სტუმარმასპინძლობის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ. ვინაიდან დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში და არ არის იმდენი შემოსავალი, მოვითხოვეთ გადავადება. პირველი, რაც იყო კომენტარი პრემიერისგან, იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მათ შორის, ტურისტების.
თქვენ იცით, რომ Holiday Inn-ის სასტუმრო სწორედ მიკრო საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდ-პაციენტებისთვის, რომელთაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი კოვიდ-დაავადება. ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში სასტუმრო გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო, კარანტინში მიგვეღო ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულების მიღების სერვისიც. ეს, ჩვენი მხრივ, როგორც ბიზნესისთვის ძალიან კარგია და ამავდროულად კომფორტულ ზონას უქმნის ადამიანებს, რომელთაც უსიმპტომოდ ან სუსტად აქვთ ეს დაავადება გამოვლენილი და არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ ეს დაავადება. აქაც მნიშვნელოვანია სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა. ჩვენ ის გამოწვევები, რაც გვქონდა, გავაჟღერეთ და მივიღეთ პირობა, რომ სამუშაო რეჟიმში შევალთ, დაითვლიან, როგორ შეიძლება, რომ საშემოსავლოს ნაწილი გადავადდეს, როგორ შეიძლება, ქონების ნაწილი გადავადდეს, როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება ისევ კომუნიკაცია”, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.