ნათია მეზვრიშვილი: თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვინდა, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ – ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული წესების დარღვევასთან და ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ეს იყო გუშინ, ამის მიუხედავად, ეს რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა არის თითოეულ მოქალაქეზე. ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვქონდა დარღვევის არაერთი შემთხვევა, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ცალკეული, კერძო ობიექტები, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნიდან გამომდინარე დადგენილ რეგულაციებს, რაც გულისხმობს, მაგალითად, 22:00 საათის შემდგომ რესტორნებისა და კაფე ბარების მუშაობის შეჩერებას, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობდნენ სხვადასხვა კონტექსტითა და სხვადასხვა მიზნით, რაზეც შრომის ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება. ამ ნაწილში სახელმწიფო იქნება საკმაოდ მკაცრი. თუ ვინმეს წარმოდგენა აქვს ისეთი, რომ ასეთი ქმედებებით სახელმწიფოს უდგას ჯიბრში, ეს ადამიანები ჯიბრში უდგანან საკუთარ მოქალაქეებს და ეთამაშებიან მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, რაზეც, ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება რეაქცია”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები