„ცეზარ ჩოჩელი მემუქრება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო მეტს დამიშავებს, ვიდრე დღეს მიშავებს“ – ჩოჩელს ბიზნესის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ

წიაღისმომპოვებელი კომპანია „კასარას” დირექტორი, ნანული თურქოშვილი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელსა და მისი ოჯახის წევრებს ბიზნესის წართმევის მცდელობასა და მუქარაში ადანაშუალებს.

ამის შესახებ თურქოშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.

„ჩვენი კომპანია „კასარა“ 2004 წლიდან რეგისტრირებულია ყაზბეგში. ესაა წიაღისმომპოვებელი კომპანია. გვაქვს 25 -წლიანი ლიცენზია co 2 -ის მოპოვებაზე. გვაქვს ჭაბურღილი ალპურ ზონაში, თრუსოს ხეობაში. სამწუხაროდ, 2005 წლიდან დღემდე „კასარამ“ ვერ შეძლო, გამხდარიყო ბუნებრივი რესურის მომპოვებელი კომპანია იმის გამო, რომ დღემდე ცეზარ ჩოჩელმა, „ნაციონალების“ ექსგუბერნატორმა და მისმა მხარდამჭერებმა მონაწილეობა მიიღეს იმაში, რომ ეს კომპანია გაკოტრებულიყო, ფაქტობრივად, მისი ქონების რეალიზაცია მომხდარიყო იძულებით, ეს ქონება ხელში ჩაეგდოთ ოს სეპარატისტებს.
მოგეხსენებათ, თრუსოს ხეობა საქართველო-რუსეთის საზღვართან 25 კილომეტრშია. ის სტრატეგიული ხეობაა, რომლითაც მუდმივად დაინტერესებულნი არიან ოსი სეპარატისტები. რაც შეეხება ხელში ჩაგდებას, ვგულისხმობ იმას, რომ დღესდღობით შპს „კასარას“ ინვესტორ-პარტნიორი არის ცეზარ ჩოჩელის ცოლის ძმა, რუსეთის მოქალაქე, ვლადიკავკაზში მაცხოვრებელი გიორგი ჩიტიშვილი, ასევე, ინვესტორები არიან ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრები ოსეთში ხადარცევები, აკოევები. ამ კომპანიისა და მისი ინვესტორების დაფინანსების უკან დგანან გავლენიანი ოსი სეპარატისტები, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ეს ხეობა, ეს ჭაბურღილი და ამით დაამყარონ ფინანსური კონტროლი ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში“, –  განაცხადა თურქოშვილმა.
მისივე თქმით, ცეზარ ჩოჩელი ემუქრება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო მეტს დაუშავებს, ვიდრე დღეს უშავებს.

„ცეზარ ჩოჩელი მებრძვის მე, ჩემს უნარშეზღუდულ შვილს, რომელიც კომპანიის დამფუძნებელია. კომპანიის ლიცენზია 2007 წელს მიითვისა პრემიერმა გილაურმა, მაშინაც ამ საქმეში ჩოჩელი მონაწილეობდა. მოხდა ლიცენზიის ჩამორთმევა, 3 წელს ვიდავეთ სასამართლოში, დავიბრუნეთ ეს კონკრეტული ლიცენზია, მოგვადგა უზარმაზარი ზიანი. დღესდღობით ის ოსი სეპარატისტები, ცეზარ ჩოჩელის ცოლის ძმა გაყვანილები არიან წილიდან. ამის შესახებ არსებობს საქართველოში 2 ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დღეს უზენაეს სასამრთლოში მათი საკასაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. ორი ინსტანციის სასამართლოთი წილი ჩამორთმეული აქვთ და ამას ასაჩივრებენ.

დღეს მუდმივად მისი გარემოცვიდან მესმის მუქარა – მესმის ის, რომ ის მოდის ხელისუფლებაში და აუცილებლად შეძლებს, დაანგრიოს უზენაეს სასამრთლოში მიმდინარე საკასაციო საჩივარი. იმედი მაქვს სასამართლოს თავისუფლების, მაგრამ მე არ ვარ დაცული ცეზარ ჩოჩელის მუქარებისგან, მისი შემონათვალებისგან, რომ ჩოჩელი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო მეტს დამიშავებს, ვიდრე დღეს მიშავებს.

მის გარემოცვაშია მისი დეიდაშვილი, რომელიც კომპანიის დირექტორია ჩემთან ერთად, ასევე, ახალგორის ყოფილი გამგებელი – ზურაბ ფიცხელაური, ჩოჩელის ცოლის ძმა, გიორგი ჩიტიშვილი, არიან ასევე ხადარცევები, აკოევები. არის ვინმე სოსლან სოზანოვი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება საქართველოს საზღვრებზე და მითვლის, რომ კომპანია „კასარას“ ქონება აუცილებლად გაიყიდება და მას შეიძენენ ოსი სეპარატისტები.
მე ცეზარ ჩოჩელს დებატებში ვიწვევ. ჩემი მოთხოვნაა, პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება. ცეზარ ჩოჩელი არ არის კეთილსინდისიერი ბიზნესმენი. ის მე და ჩემს უნარშეზღუდულ შვილს გვართმევს ქონებას.
მათი არაკეთილსინდისიერი ქმდებების გამო, დავკარგეთ ლიცენზია. ფაქტობრივად, კომპანია გაკოტრებულია. არანაირი რესურსი არ გვაქვს, რომ ავამუშაოთ კომპანია მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან უზარმაზარი მხარდაჭერა გვქონდა, ხელისუფლებამ 3-ჯერ გაგვიფორმა საგადასახადო შეთანხმება. დღეს ცეზარ ჩოჩელმა მოახერხა ის, რომ „კასარა“ ვერ ამუშავდება, გაიყიდება აუქციონზე და მას შეიძენს ჩოჩელი“, – განაცხადა თურქოშვილმა.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები