ფატმა ჯერენ იაზგანი: საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა ამ პრინციპებს გავყვეთ

“საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა თქვენი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია”,- ასე პასუხობს საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას – “ყარაბაღის ომში საქართველო ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. როგორ აფასებს თურქეთი ასეთ მიდგომას და კიდევ რა გვმართებს ჩვენ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად?”.

ელჩის თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს.

“საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა თქვენი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია. მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტული არ ჩანს, მაგრამ ამ დროს საქართველოს ორ მეზობელს შეიარაღებული კონფლიქტი აქვთ. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია არ მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რასაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. მე მჯერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყება ყველა საჭირო ზომას მიიღებენ და ფაქიზად მიუდგებიან ამ საკითხს. საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა მივდიოთ ამ პრინციპებს.

ვფიქრობ, საქართველოს ამ საკითხში სწორი პოლიტიკა აქვს: 1. ის პრინციპულ პოზიციას ყოველთვის აფიქსირებს; 2. ცდილობს იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის. 3. სამართლიანი პოზიციაა, რომ საქართველოს არ სურს გამოაყენებინოს საკუთარი ტერიტორია შეგროვებული ფულით იარაღის შეძენისა და გაგზავნისთვის. ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რადგან თურქეთი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველოს საზღვრები დემარკირებული აქვს. ჩვენ არა გვაქვს ამგვარი პრობლემა ერთმანეთთან. საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ, აქვთ საერთო დასახლებები, ერთად ცხოვრების კულტურა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მესამე მხარეების მიერ შემოგდებული მცდარი და მახინჯი პროპაგანდა მიმდინარეობს. მთავარია, ამ პროპაგანდის გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი. მაგალითად, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლენა ნაზარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთვის გარანტია იმისა, რომ თურქეთმა არ მოახდინოს საქართველოს ოკუპაცია. აი, ასეთ ფაქტებთან გვიწევს გამკლავება. საქართველომ ასეთ პროპაგანდას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოშიც ცხოვრობენ და ჩვენ აქაც დავინახეთ ერთმანეთზე წაქეზების ერთგვარი პოლიტიკა. თურქეთის შეფასებით, ეს ძალზე სახიფათოა – ერთია ომის და ომის იურისპრუდენციის შესაბამისად მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მეორე კი ომის გამოყენება საზოგადოების რადიკალიზაციის მიზნით, რათა აღიკვეთოს ომის მშვიდობიანად დასრულების პერსპექტივა. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ჯერჯერობით კარგად იჭერს ვითარებას, მაგრამ მოხდა უსიამოვნო ფაქტებიც. სამწუხაროდ, სომხეთის პოლიტიკა გზას უხსნის მესამე მხარის მიერ შუღლის გაღვივების მცდელობას.

ჩემი მესიჯი ასეთია: თურქეთი არის აზერბაიჯანის მოძმე ქვეყანა. ჩვენ საერთოენობრივი კავშირი გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის ობიექტური და მიუკერძოებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ რეგიონში გვჭირდება პერმანენტული მშვიდობა. “ჩვენში” ვგულისხმობ არა მარტო თურქეთს, არამედ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს“, – განაცხადა ინტერვიუში ფატმა ჯერენ იაზგანიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები