ალექსანდრე მოწერელია: უნდა გავაძლიეროთ აბაშის აგროსამრეწველო კომპლექსი, ისე, რომ თითოეული აბაშელი იყოს მისი თანამონაწილე
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ჩემი გამოცდილება და ცოდნა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო”, – ამ სიტყვებით წარსდგა ამომრჩევლებთან აბაშაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია.
მოწერელია მოსახლეობას თანადგომას და წინაპრების დაწყებული საქმეების გაგრძელებას დაჰპირდა.
„აბაშა გამორჩეული მუნიციპალიტეტია ჩვენს ლამაზ მხარეში. პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რაც უახლოეს 4 წელიწადში განხორციელდება აბაშაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ამ წლებში როგორ გამშვენიერდა აბაშის ცენტრი განსაკუთრებით. ბევრი პრობლემა გადაილახა, თუმცა გადასალახი პრობლემები წინ გველოდება და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. აბაშა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, ეს არის ჩვენი რეგიონის ბეღელი.
ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა უფროსმა თაობამ, ბევრი წარმომადგენელი ამ უფროსი თაობისა დღეს აქ იმყოფება, მათ მიაღწიეს უდიდეს გამარჯვებას და კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული და მალარიით დამძიმებული სურათი სრულად შეცვალეს. მათ შეძლეს ცნობილი ენჯელის მასივის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბრუნვაში მოქცევა. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომა გაწიეს და მე, რა თქმა უნდა, მეამაყება ის, რომ პაპაჩემი ალექსანდრე მოწერელია, რომლის სახელსაც მე ვატარებ, იყო ამ დიდი შრომის თანამონაწილე და მას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი სახელის ტარება ჩემთვის ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამდენად, მომავალი 4 წლის განმავლობაში წინაპრების დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავაძლიეროთ აბაშის აგროსამრეწველო კომპლექსი, ისე, რომ თითოეული აბაშელი იყოს მისი თანამონაწილე და თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს თავის თავზე.
აბაშაში დღეს ფუნქციონირებს ძალიან წარმატებული კოოპერატივი, რომელმაც შეძლო ხორბლის კულტივირება აბაშაში და ჩვენ ყველანი ამის მოწმენი ვართ. სწორედ აბაშიდან დაიწყება სამეგრელოს კიდევ უფრო აგრარული გაძლიერება. აქ ჩამოყალიბდება ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობები. „ქართული ოცნება” იქნება სწორედ ამ რეფორმების, ამ დახმარების წინა ხაზზე. გადმოცემის თანახმად, ადრეულ შუა საუკუნეებში სწორედ შემოსეულმა მტერმა აბაშიდან დაიწყო უკან დახევა. ეს არის ჩვენი გამარჯვების ადგილი და ერთად აბაშის, სამეგრელოს, ჩვენი მხარისა და საქართველოს წარმატებისათვის”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.