საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც ჰქვია სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა გადაცემაში გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონი გაიცნო.
„მან მომიყვა ისტორია, რომ 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით გარეჯის ქედზე. უცებ გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენს ბიჭებს უთხრეს, რომ თქვენ ახლა ჩადიხართ ქვევით, იმიტომ, რომ ამ ქედზე უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ვნებათაღელვა და გაუგებრობა, თუ რა ხდება და რატომ. რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს მათ ვერ მიაღწიეს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრი იხსენებს, რომ მამა კირიონის თქმით, ეს გაუგებარი და მტრული მდგომარეობა გაგრძელდა 2012 წლამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა.
„არქიმანდრიტმა მთხოვა, რომ იქნებ ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ. მე მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. არქიმანდრიტი ალასანიას მეშვეობით გავიცანი, მითხრა, რომ მის ბავშვობის მეგობარს სურდა ჩემი გაცნობა. შემდეგ მე გავიცანი ნოდარ ხორბალაძე, უწესიერესი, მაღალი კვალიფიკაციის კარტოგრაფი, რომლის სიჯიუტემ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ასევე თედო გორგოძე. მაშინ მე მქონდა უსაფრთხოების საბჭო, ჩემი სათათბირო ორგანო და მინდია ჯანელიძე იყო ამ საბჭოს მდივანი. მას დავავალე ამ საკითხის ირგვლივ ყველაფრის გარკვევა“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს რუკების მოძიება.