შალვა ნათელაშვილი: უგულავა ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსია სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია, ენდო და დაეყრდნო
“ვიცი, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვების დროშები იქნება აფრიალებული მთელი საქართველოსა და დემოკრატიული მსოფლიოს სასიხარულოდ”,– ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.
მისი თქმით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გიგი უგულავა ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსია სამეგრელოს რეგიონიდან.
„ორ კვირაში ზუგდიდს შეუძლია, ჩვენს ქვეყანას მოაცილოს ოკუპანტი, დამპყრობელი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელისუფლება, დაუბრუნოს ჩვენს ხალხს ძალაუფლება, რის შემდეგაც ენგურს გაღმა დავიწყებთ მსვლელობას და გავალთ ფსოუმდე. დავიბრუნებთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც ჩვენი დასაბრუნებელია. ეს დიდი ისტორიული მისია აკისრია ზუგდიდსა და სამეგრელოს. ვიცი, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვების დროშები იქნება აფრიალებული მთელი საქართველოსა და დემოკრატიული მსოფლიოს სასიხარულოდ. გიგი უგულავა დღეს არის ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია, ენდო და დაეყრდნო, ეს არის პირადი პოზიციაც და რეალობაც. ის, როგორც ხელისუფალი, იყო ღირსეული ოპონენტი და არის ღირსეული თანამებრძოლი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გიგი უგულავამ შალვა ნათელაშვილსა და „ლეიბორისტულ პარტიას“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.