გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი: ბავშვებმა სწავლა-განათლება უნდა განაგრძონ და ეს უსაფრთხო პირობებში უნდა მოხდეს
“გაერო-ს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების უსაფრთხო დაბრუნებას სკოლებში, სასწავლო დაწესებულებებში”, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვთანამშრომლობთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე – სხვა პარტნიორებთან, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. პასუხისმგებლობა, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო იყოს, აკისრია როგორც სკოლების ადმინისტრაციას, ასევე – სამინისტროს, მშობლებსა და ბავშვებს. უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. სკოლებიც საზოგადოების ნაწილია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, იქაც იყოს უსაფრთხო გარემო. გარდა ამისა, მშობლები უნდა ესაუბრონ შვილებს და მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ბავშვებმა დაიცვან უსაფრთხოების ზომები: ფიზიკური დისტანცია, პირბადე.
განათლების სამინიტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და ჩვენ, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ვეხმარებით ამ პროცესში. მიგვაჩნია, რომ ბავშვებმა უნდა განაგრძონ სწავლა-განათლება და ეს უნდა მოხდეს უსაფრთხო პირობებში“, – განაცხადა ღასან ხალილმა.