ტრანსადრეატიკური გაზსადენის, იგივე TAP-ის მშენებლობა დასრულდა და, აზერბაიჯანული გაზის სახით, რუსეთსა და “გაზპრომს” ევროპაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩდა.10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე კონტრაქტებიც გაფორმებულია და უკვე ნოემბერში საბერძნეთი, ბულგარეთი და იტალია TAP-ის მეშვეობით აზერბაიჯანულ გაზს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, TAP-ი ტრანსანატოლიური მილსადენის – TANAP-ის განშტოებაა, რომელიც, თავის მხრივ, უკვე ამარაგებს აზერბაიჯანული გაზით თურქეთს. მისი, ანუ TANAP-ის მეშვეობით, თურქეთი ყოველწლიურად 6 მილიარდ კუბამეტრ გაზს იღებს, რამაც „გაზპრომის” წილი თურქეთის ბაზარზე სამოციდან ჩვიდმეტ პროცენტამდე შეამცირა.
როგორც რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ანალიტიკოსი, იგორ იუშკოვი აცხადებს, TAP-ის გამო საბერძნეთსა და ბულგარეთში „გაზპრომის“ გაყიდვების მოცულობა 2 მილიარდი კუბამეტრით შემცირდება, ხოლო იტალიასთან მიმართებით სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა.
იუშკოვის თქმით, იტალია „გაზპრომისაგან“ ყოველწლიურად 22,7 მილიარდ კუბამეტრ გაზს ყიდულობდა. უკვე წელს კი ამ მოცულობიდან 8 მილიარდ კუბამეტრს აზერბაიჯანული გაზი ჩაანაცვლებს. როგორც იუშკოვი აცხადებს „გაზპრომის“ გაყიდვები ევროპაში 1/3 -ით მცირდება, რაც კომპანიის შემოსავლებზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება. როგორც იუშკოვი ამბობს, 2024 წლისათვის TAP-ის მიერ გატარებული გაზის მოცულობის 22 მილიარდ კუბამეტრამდე გაზრდაა დაგეგმილი, რაც „გაზპრომს“ კიდევ უფრო მეტ სირთულეს შეუქმნის. თუმცა, იუშკოვი ვარაუდობს, რომ, მაღალი თვითღირებულების, ანუ მოპოვების სიძვირის გამო, აზერბაიჯანს 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ევროპაში გადაქაჩვა გაუჭირდება.
იუშკოვს იმედი აქვს, რომ საუბრები TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებში შედარებით იაფი თურქმენული და ირანული გაზის გამოჩენაზე საუბრებადვე დარჩება და „გაზპრომს“ დამატებითი პრობლემები აღარ შეექმნება.
TANAP-ისა და TAP-ის მეშვეობით, მნიშვნელოვან სარგებელს ელოდება საქართველოც. როგორც გასულ წელს TANAP-ის ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც სამხრეთის გაზის დერეფანი მთლიანად დაიტვირთება, საქართველო, ფისკალური თვალსაზრისით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის შეღავათს მიიღებს.
სპეციალისტების შეფასებით, ფისკალური ეფექტის გარდა იზრდება საქართველოს, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფნის როლიც. ეს კი, მათი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაცაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე წლებია, ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი საქართველოში აზერბაიჯანია და „გაზპრომის“ წილი ქართულ ბაზარზეც თითქმის ყოველწლიურად მცირდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ, 2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221 მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმება, კერძოდ, “სოკარიდან” – 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი – 873.804 მ3 მლნ-ის. აზერბაიჯანული გაზის წილი საქართველოს ბაზარზე 93 %-ს აჭარბებს. ბუნებრივი აირის, დაახლოებით, 3-5 % საქართველო რუსეთიდან, კერძოდ, „გაზპრომისგან“ იღებს.